მდინარე ზაიანდერუდი და ისპაჰანის ისტორიული ხიდები
მდინარე ზაიანდერუდი, სიტყვასიტყვით „სიცოცხლის მიმნიჭებელი მდინარე“, ყველაზე დიდი მდინარეა ირანის ცენტრალურ პლატოზე. ის სათავეს იღებს ცენტრალური ზაგროსის მთიანეთში, კონკრეტულად ზაგროსის მთიანეთის უმაღლესი წერტილიდან, ზარდქუჰიდან. მდინარის სიგრძე 400 კილომეტრია, აუზის ფართობი კი 41500 კვადრატული კილომეტრი. ზაიანდერუდი ჩაედინება გავხუნის ჭაობში. დადგენილია, რომ ამ მდინარის წყლის დინება ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში, 1,2 კუბური კილომეტრია წელიწადში. მდინარეზე საირიგაციო მიზნით აშენებულია სარწყავი კაშხლები. ზაიანდერუდი 118-ე ბუნების ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ 2011 წელს შეიტანა ირანის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში.
შეიძლება ითქვას, რომ მდინარე ზაიანდერუდი, ისპაჰანის სავიზო ბარათია. მდინარის კალაპოტი ქალაქში საკმაოდ ფართოა, მის ორივე ნაპირზე გაშენებულია ბაღები და სკვერები. ქალაქ ისპაჰანში, მდინარე ზაიანდერუდზე აგებულია რამდენიმე ცნობილი ისტორიული ხიდი, მათ შორის ალავერდი ხან უნდილაძის ოცდაცამეტ მალიანი ხიდი სი-ო-სე ფოლი, აგრეთვე ხაჯუს და შაჰრესთანის ხიდები.
ხიდი სი-ო-სე ფოლ
ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე აგებული 33-მალიანი ხიდი, დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად და ისპაჰანის თერთმეტი ისტორიული ხიდიდან ყველაზე დიდია. აშენდა 1599-1602 წლებში, შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი აგურით არის ნაშენები. ზედა სართულს მთელს სიგრძეზე გასდევს თაღედები. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, სიგანე 14,75 მ. სი-ო-სე ფოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება - „სი ო სე“ თარგმანში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ოცდაცამეტს“. ხიდის სავალი ნაწილის ორივე მხარეს გასდევს თაღედები, რომლებიც თავდაპირველად მოხატული იყო.
ხიდი ხაჯუ
თაღოვანი, ქვის საფეხმავლო ხაჯუს ხიდი მდინარე ზაიანდერუდზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია ქალაქ ისპაჰანში. აშენდა ძველი ხიდის საძირკველზე შაჰ აბას II- ის ბრძანებით 1650 წელს. ხიდი ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის საოცრად ლამაზი და ტურისტებისათვის გამორჩეული ადგილია. ხიდის ცენტრში არსებული პავილიონები, ძველად მხოლოდ შაჰისათვის იყო განკუთვნილი, დღეს ის ღიაა ნებისმიერი მნახველისათვის. ხიდის სიგრძე 133 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრია.
სახელი | მდინარე ზაიანდერუდი და ისპაჰანის ისტორიული ხიდები |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: