წარმომადგენლობა
ბეჰისთუნის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი

ბეჰისთუნის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი

ბეჰისთუნის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი
 

ვაჭრობა, ყოველთვის იყო ხალხთა კულტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ძალა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 2006 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ირანული კულტურის ძეგლი ბეჰისთუნი, რომელიც მდებარეობს ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში. ბეჰისთუნის არქეოლოგიური აღმოჩენების უმნიშვნელოვანესი ნაწილია "ბეჰისთუნის წარწერის" სახელით ცნობილი ბარელიეფი, რომელიც მდებარეობს 105 მეტრის სიმაღლეზე ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე. ბარელიეფები და წარწერები გზიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზომებია 15 მ სიმაღლეში და 25 მ სიგანეში. წარწერების იდენტური ტექსტი სამ ენაზეა შესრულებული: ძველ სპარსულად, ელამურად და ბაბილონურად. ძეგლი ძვ. წ. 521-520 წლებით თარიღდება. წარწერა შეიცავს სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ტექსტს, რომელიც ფაქტობრივად, მთელი მისი მეფობის ისტორიას ასახავს.

ჩვენ შევეცდებით გავიგოთ, რატომ არის ეს ძეგლი და მისი მიმდებარე ადგილები ასე მნიშვნელოვანი ირანის ისტორიისთვის.

თუმცა, დავიწყოთ ყველაფერი თანმიმდევრობით. ადგილი, სადაც ეს ძეგლი მდებარეობს, სპეციალურადაა შერჩეული, რადგან სწორედ აქ გადიოდა უძველესი საქარავნე გზა, რომელიც ბაბილონსა და მიდიის დედაქალაქს, ეკბატანას აკავშირებდა.

სწორედ ამ ადგილას გაკეთდა დარიოს I-ის ბრძანებით კლდეზე ბარელიეფი-მატიანე მისი გამარჯვების შესახებ მიდიელ გაუმატაზე (ცრუ ბარდია). წარწერა შედგენილია ძველ სპარსულ, ბაბილონურ და ელამურ ენებზე. წარწერას თან ერთვის რელიეფი, სადაც დარიოსი გამოსახულია, როგორც ღმერთ აჰურამაზდას მფარველების ქვეშ მყოფი მეფე, რომელიც პირისპირ ხვდება უკვე დამარცხებულ მტრებს.

ბარელიეფური გამოსახულება შეიძლება პირობითად დაიყოს რამდენიმე ძირითად ელემენტად. ბარელიეფის ზედა ნაწილში გამოსახულ უზენაეს ღვთაება აჰურამაზდას მარცხენა ხელი აქვს გაწვდილი დარიოსისკენ, რომელიც ადამიანის ნატურალურ ზომებშია გამოსახული.

ქვედა რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ, უკვდავთა ლეგიონის მეომრები დგანან, მათ წინ დარიოსი, რომელსაც მარცხენა ფეხი დაბჯენილი აქვს დამარცხებული გაუმატუსათვის, აქვეა ასევე სხვა რვა მეამბოხეს ფიგურაც, რომლებმაც მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს.

სამ ენაზე დუბლირებულმა ტექსტმა მეცნიერებს საშუალება მისცა ეპოვათ ანტიკური ენების გაშიფვრის გასაღები, რაც ბეჰისტუნის წარწერას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ეპიგრაფიკულ ძეგლად აქცევს.

დღესდღეობით რელიეფის დათვალიერება მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი. 2300 წლის წინ, მას შემდეგ რაც აქ სამუშაოები დამთავრდა, მუშებმა საბოლოოდ დატოვეს ადგილი და მისასვლელი ქვის კიბეებიც დაანგრიეს, რათა წარწერამდე მისასვლელი ყველანაირი გზა გაენადგურებინათ. ალბათ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ბეჰისტუნის წარწერა დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული.

სპეციალისტების ინტერესი ბეჰისთუნის წარწერის მიმართ არ განელებულა. ეს უნიკალური ტექსტი წარმოადგენს არა მხოლოდ ენობრივ საიდუმლოებას, არამედ იმ დროის შესახებ ინფორმაციის ღირებულ წყაროს. ბოლო დროის სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ წარწერის ტექსტები დარიოსის ზეობის სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული.

 

 

ბეჰისთუნის არქეოლოგიური კომპლექსის სხვა ძეგლები

ბეჰისთუნის ისტორიული და კულტურული ძეგლის მნიშვნელობა განპირობებულია არა მხოლოდ დარიოსის წარწერით, არამედ ისტორიის მანძილზე იქ შემორჩენილი სხვა არქეოლოგიური ძეგლებითაც.

"მონადირის მღვიმე" (ღარ-ე შექარჩიან): ამ პატარა გამოქვაბულში აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ადამიანის საცხოვრებლის კვალი. აქ ასევე აღმოჩენილია ძ.წ. II ათასწლეულის ჭურჭელიც, რომელიც მოგვითხრობს ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის უძველესი ცივილიზაციის შესახებ.

 

მიდიელთა ეპოქის არტეფაქტები: ბეჰისთუნის მთის კალთის ძირში ძველი ციხესიმაგრის ნაშთებია შემორჩენილი, რომელსაც მიდიელთა ეპოქას მიაკუთვნებენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცრუ ბარდია სწორედ ამ ციხესიმაგრეში გამოასალმა სიცოცხლეს დარიოს I-მა.

 

სელევკიდების მმართველობის პერიოდის ძეგლები: ამ ეპოქიდან, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ღვთაებრივი გმირის, ჰერაკლეს ქანდაკება. 2 მ, სიგრძის პლატფორმაზე ჰერაკლეს ქანდაკება ხუჭუჭა თმით, ზეთისხილის ხის წინ არის წამოწოლილი, მარცხენა ხელში თასი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ფეხს ეყრდნობა.

 

პართიელთა მმართველობის ეპოქის ძეგლები: ბეჰისთუნის მთის კალთაზე, დარიოსის წარწერის ქვემოთ პართიული პერიოდის ორი რელიეფია. ამ რელიეფებიდან ერთ-ერთში გამოსახულია პართიის მეფე მითრიდატე II (ძვ. წ. 124-87 წწ.) ოთხ სატრაპთან ერთად, ხოლო მეორე ბარელიეფზე გამოსახულია საბრძოლო სცენა. ეს არის პართიის პერიოდის უძველესი ძეგლები. ფათჰ ალი შაჰ ყაჯარის მმართველობისდროს, ბარელიეფზე მითრიდატე II -ის გამოსახულება ნაწილობრივ მოშალეს და მის ადგილას წარწერა ამოკვეთეს.

 

სასანური პერიოდის ძეგლები: ამ პერიოდიდან ბეჰისთუნში შემორჩენილია ქვის სამი დიდი კაპიტელი. ამ კაპიტელების ერთ მხარეს ხოსრო ფარვიზის გამოსახულებაა ამოტვიფრული, მოპირდაპირე მხარეს -ანაჰიდი (წყლის ქალღმერთი). დანარჩენი ორი მხარე კი წყლის შროშანების რელიეფური გამოსახულებებითაა შემკული. ამ სამი სვეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხოსრო ფარვიზს, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე სასახლის აშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამ სამი სვეტის გარდა, ამ მოსაზრების სისწორეზე მეტყველებს სხვა ნიშნებიც: პირველ რიგში, დარიოსის წარწერებთან გრძელი, გათლილი კლდის ზედაპირი, ასევე ხოსროვის ხიდის საძირკვლები მდინარე გამასიაბზე.

 

სეფიანთა ეპოქის ძეგლები: სეფიანთა ეპოქიდან (XVI და XVII სს.) ბეჰისთუნში შემორჩენილია რამდენიმე ნაშთი, მათ შორის ხიდი, რომელიც ცნობილია შაჰ-აბასის ხიდის ან ნადერაბადის ხიდის სახელით და დღემდე გამოიყენება. ასევე, შაჰ-აბასისა და შეიხ ალი ხან ზანგანეს სახელით ცნობილი ქარვასლა, რომელიც აშენდა შაჰ აბას II-ის (1587 -1629 წწ.) მეფობის დროს.

 

 

 

სახელი ბეჰისთუნის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი
ქვეყანა ირანი
რეგიონიქერმანშაჰი
ქალაქიჰარსინი
ტიპიისტორიული
RegistrationUnesco,ეროვნება

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: