წარმომადგენლობა
ძორძორის სამლოცველო

ძორძორის სამლოცველო

ძორძორის სამლოცველო

ძორძორის (ან წორწორის) სამლოცველო, ირანის სომხური სამონასტრო ანსამბლის ნაწილია ირანში და მდებარეობს დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, მაქუს ოლქში. ძორძორი, ირანელი სომხების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკულტო ადგილია.

ძორძორის სამლოცველოს ისტორია

ირანის სომხური ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსები ძირითადად სამ ისტორიულ პერიოდში აშენდა: ირანში ქრისტიანობის შემოსვლის პირველი წლებიდან მე-14 საუკუნემდე, სეფიანთა მმართველობის პერიოდში (XVI-XVIII სს.) და პოსტ-სეფიანურ ეპოქაში, რომელთაგან უმეტესობა ძირითადად XX საუკუნეში დაარსდა. ირანის აზერბაიჯანში ყველა ამ ისტორიული პერიოდის ეკლესიებს ვხვდებით, რომელთა შორის ძორძორის სამლოცველო ერთ-ერთი უძველესია.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, წორწორის (ძორძორის) სამლოცველო სავარაუდოდ 1315-1342 წლებში აშენდა. როგორც ისტორიულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ამ სამლოცველოს აშენება წმინდა თადეოზის მონასტრის ეპისკოპოსს, სახელად ზაქარიას უბრძანებია, რომელიც ადგილობრივი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. სამლოცველოს აგების შემდეგ აქ ეპისკოპოსი ჰომან იერზანგასი მოღვაწეობდა და ქრისტიანულ სწავლებას ქადაგებდა; მან მეტსახელი „წორწორცი"  დაირქვა. აქედან გამომდინარე ამ სამლოცველოს წორწორის (ძორძორის) სამლოცველო დაეარქვა. სამლოცველო სოფელ ბარონთან ახლოს მდებარეობს და ადგილობრივებში ის ბარონის ეკლესიის სახელითაც არის ცნობილი.

მონასტერი საგანმანათლებლო და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა და აყვავების ხანას XIV საუკუნეში აღწევს. დროთა განმავლობაში მონასტრის მნიშვნელობა თანდათან მცირდება; XVII საუკუნეში მას მხოლოდ გარკვეული რელიგიური რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ. ირანსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ომების დაწყების შემდეგ, მონასტერი ფაქტობრივად წყვეტს არსებობას.

ძორძორის სამლოცველოს არქიტექტურა

ძორძორის სამლოცველო, ღვთისმშობლის სახელობის სომხური სამონასტრო კომპლექსის ჩვენამდე მოღწეული ნაგებობაა. სამლოცველო ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა,  სომხური ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათო ნიშნებით.  სამლოცველოს ოთხი მცირე თაღოვანი სარკმელი აქვს. ნაგებობა გვირგვინდება გუმბათით, რომელსაც 16-წახნაგიანი გადახურვა აქვს; გუმბათის ყელზე ოთხი სარკმელია დატანებული, რაც სამლოცველოში დამატებით განათებას უზრუნველყოფდა. სამლოცველოს შესასვლელი კარი დასავლეთიდან აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის იერსახეს ბევრი დეკორატიული ელემენტი არ ამშვენებს, მშენებლობისთვის გამოყენებული ბორდოსფერი კირქვა, სამლოცველოს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. ქვებზე ასევე შეიმჩნევა ჯვრის ფორმის ნიშნები, როგორც ჩანს, სამლოცველოს მშენებლებმა ქვები ისე გამოთალეს, რომ მშენებლობაზე დუღაბი არ გამოეყენებინათ.

ძორძორის სამლოცველოს გადატანა

1987-1988 წლებში ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვიტა აეშენებინა კაშხალი მდინარე ზანგმარზე. ვინაიდან ეს მშენებლობა და შემდგომში კაშხლის წყალსატევი საფრთხის ქვეშ აყენებდა სამლოცველოს,  კულტურული მემკვიდრეობის, ხელოსნობისა და ტურიზმის ორგანიზაციის, ენერგეტიკის სამინისტროს და თავრიზის სომხური ეპარქიის შეთანხმებით, სამლოცველო გადააადგილეს 600 მეტრის მოშორებით, 110 მეტრი შემაღლებულ უსაფრთხო ადგილას. ამ საპასუხისმგებლო საქმეს დაახლოებით 25 დღე დასჭირდა, რომლის დროსაც ტაძრის თითოეული ქვა მოიხსნა, დაინომრა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა გადატანილი ახალ ადგილას.

სად მდებარეობს ძორძორის სამლოცველო?

ძორძორის სამლოცველო მდებარეობს დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, მაქუს ოლქში, სოფელ ბარონთან სიახლოვეს. ძეგლის გამორჩეული ადგილმდებარეობა ყარადაღის მთიანი რაიონში, ორ მთას „ყარაბოლაღსა“ და „ყარადაღს“ შორის ხეობაში, აორმაგებს მისი მონახულებით მიღებულ სიამოვნებას. ძორძორის სამლოცველო 12 კილომეტრითაა დაშორებული რეგიონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ძეგლისგან - ყარაქელისასგან (წმინდა თადეოზის მონასტერი).

 

ძორძორის სამლოცველო, წმ. თადეოზის და წმ. სტეფანოსის მონასტრებთან ერთად, 2008 წლის 6 ივლისიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

სახელი ძორძორის სამლოცველო
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: