ნაყშე ჯაჰანის მოედანი
ნაყშე ჯაჰანის მოედანი (სიტყვასიტყვით „ქვეყნიერების სურათი“ ), მდებარეობს ისპაჰანის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. მოედანი გადაჭიმულია 560 მეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 165 მეტრზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანამ ისპაჰანი სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდებოდა, ამ მოედნის ადგილას დიდი ბაღი იყო გაშენებული. თანამედროვე იერი მოედანმა XVI საუკუნეში მიიღო, როდესაც ისპაჰანი სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. მოედანი აშენდა 1590-1595 წლებში ოფიციალური ცერემონიების, სამხედრო აღლუმების, სპორტული თამაშობებისა და სადღესასწაულო ღონისძიებების გასამართად. მოგვიანებით, 1602 წ., ქალაქის ამ ნაწილში ვაჭრობის განსავითარებლად, მოედნის მთელ პერიმეტრზე აშენდა მაღაზიების ორსართულიანი რიგები. მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს იმამის მეჩეთი (1979 წლამდე შაჰის საკრებულო მეჩეთი), დასავლეთით – ალი-ყაფუს სასახლე, აღმოსავლეთით – შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი, ჩრდილოეთ ნაწილში კი დიდი ბაზრის შესასვლელი მონუმენტური კარიბჭით. მთლიანობაში ეს ნაგებობები უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიან. ისპაჰანის ნაყშე ჯაჰანის მოედანი, მიმდებარე არქიტექტურული კომპლექსებით, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
სახელი | ნაყშე ჯაჰანის მოედანი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: