ხელოსნობის მსოფლიო ქალაქები: ლალეჯინი - კერამიკის მსოფლიო ქალაქი
ლალეჯინი, პატარა ქალაქი ჰამედანის პროვინციაში, ირანში კერამიკული წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. მას ხშირად ირანის კერამიკის დედაქალაქადაც მოიხსენიებენ. ლალეჯინში იწარმოება როგორც მოჭიქული, ისე მოუჭიქავი კერამიკა. ლალეჯინში კერამიკული წარმოების მძლავრი ცენტრის არსებობა არაერთი მიზეზითაა განპირობებული (თიხის საბადოების სიმდიდრე, ჭურჭლის დამზადების ძველი ტრადიციები და სხვა). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი კერამიკული ნაკეთობები ადგილობრივ ოსტატთა დიდ კულტურაზე მეტყველებს. ადრეული ხანიდან თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა რამაც განაპირობა კერამიკული ფორმების შესაბამისობა მის ფუნქციასთან. ამიტომაა არქეოლოგიურ მონაპოვართა ფორმები ლამაზი და მრავალფეროვანი.
ლალეჯინში კერამიკული წარმოების არსებობა ტრადიციულია, თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელიც ამ საქმიანობას არ ეწეოდეს და წარმოების ამ დარგის ერთი ხელოსანი მაინც არ ჰყავდეს. საქმის ცოდნა ტრადიციულად გადადის თაობიდან თაობაზე.
ეს დარგი ლალეჯინში პოპულარობით სარგებლობს და შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროცაა. კერამიკული ნაწარმის ხარისხი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორაა დამუშავებული პირველადი ნედლეული. მოპოვებული თიხა ჯერ იწურება, იფილტრება და მუშავდება; შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შრება სქელი, ნედლი თიხის მისაღებად. თიხის მსხვილ ნაჭრებს ფეხით გადაზელენ და შემდეგ მომცრო ნაწილებად ყოფენ, რომლებსაც საბოლოოდ ხელით ამუშავებენ ნედლეულის მისაღებად. ჭურჭელი, როგორც წესი, მზადდება ტრადიციული მეთოდების გამოყენებით და მომინანქრების შემდეგ მზადაა ღუმელში გამოსაწვავად. ღუმელში გამოწვისას მუქი ფერის ნაწარმის მისაღებად, ნაკეთობა ცეცხლთან უფრო ახლოს უნდა განთავსდეს. 12-14 საათის შემდეგ გამოწვის პროცესი სრულდება. ლალეჯინის კერამიკის ჭიქურის ფერები მიიღება ისეთი ბუნებრივი მასალებისგან, როგორიცაა: ტუტე ლითონები, თეთრი ქვები, მინა, სპილენძი, ლაპის-ლაზური და სხვა.
სახელი | ხელოსნობის მსოფლიო ქალაქები: ლალეჯინი - კერამიკის მსოფლიო ქალაქი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: