ბამის ციტადელი
ბამის ციტადელი მსოფლიოში უდიდესი ალიზის ნაგებობაა, რომელიც მდებარეობს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქერმანის პროვინციაში, ქალაქ ბამში. 2003 წლის 26 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად ქალაქის 80% თითქმის მთლიანად განადგურდა, მაგრამ მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის გამო, იგი დაუყოვნებლივ აღმოჩნდა მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში და იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დაუყოვნებლივ განხორციელდა სამუშაოები ძეგლის გადასარჩენად.
ქალაქის წარმოშობა აქემენიდურ პერიოდს (ძვ. წ. VI-IV სს.) უნდა მივაწეროთ. მისი აყვავების პერიოდი VII და XI საუკუნეებია. ქალაქი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობდა და ცნობილი იყო აბრეშუმისა და ბამბის სამოსის წარმოებით.
ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი მდებარეობს ირანის მაღალი პლატოს სამხრეთ კიდეზე, პაკისტანის საზღვართან ახლოს. „არგე ბამ-ი“ - ბამის ციტადელი წარმოადგენს ალიზის ტრადიციული ტექნიკით მშენებლობის შესანიშნავ მაგალითს; აგრეთვე უძველესი გამაგრებული დასახლების და შუა აზიის რეგიონში უდაბნო გარემოში სავაჭრო დასახლების განვითარების ბრწყინვალე ნიმუშს. ბამი მდებარეობს ოაზისში, რომლის არსებობა დაფუძნებულია მიწისქვეშა წყლის არხების, ყანატების გამოყენებაზე. ბამში შემორჩენილია ირანული მიწისქვეშა წყლის არხების სისტემების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშები და ორი ათასწლეულის განმავლობაში მათი მშენებლობისა და მოვლა-შენახვის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაჩინო მასალა.
საუკუნეების განმავლობაში, ბამს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჰქონდა აბრეშუმის გზაზე, რომელიც მას აღმოსავლეთით აზიის ცენტრალურ ნაწილთან, სამხრეთით სპარსეთის ყურესთან, დასავლეთით ეგვიპტესთან აკავშირებდა.
2004 წელს და 2007 წელს რესტავრაციის შემდეგ ხელმეორედ, ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
სახელი | ბამის ციტადელი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: