თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი
ირანელები ხელოვნების მოყვარული ხალხია და უხსოვარი დროიდან ეს ფაქტი მათი ცხოვრების ყველა ასპექტში ვლინდება; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფერისა და ფორმის შერწყმას ხელოვნების უნიკალური ნიმუშების შესაქმნელად. ხელოვნებისადმი ინტერესი ირანელებში თაობიდან თაობას გადაეცემა. ირანის სასკოლო პროგრამაში ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილებთან ერთად, ხელოვნების გაკვეთილებიც შედის, მათ შორის ხატვა, კალიგრაფია და სხვ. „თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი“ შეიძლება მივიჩნიოთ უმაღლესი სახელოვნებო განათლების უძველეს კერად.
თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორია
1918 წელს დაარსდა "კონსერვატორია", რომელიც არ იყო დაკავშირებული დარ-ოლ-ფონუნთან, უძველეს თანამედროვე სტილის უმაღლესი განათლების ცენტრთან. კონსერვატორია ასევე ცნობილი იყო სახელით "მუსიკის აკადემია".
1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილა სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაზე. ამრიგად, ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულება „ფარაბის უნივერსიტეტი“, „დეკორატიული ხელოვნების კოლეჯი“, „დრამატული ხელოვნების კოლეჯი“, „კონსერვატორია“ და „ნაციონალური მუსიკის კოლეჯი“, გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ერთიანი აკადემიური უმაღლესი განათლების კერა - "ხელოვნების უნივერსიტეტი". ხელოვნების უნივერსიტეტმა ოფიციალურად ფუნქციონირება დაიწყო 1980 წელს. უნივერსიტეტის საქმიანობა ხანმოკლე შეფერხების შემდეგ 1984 წელს კვლავ განახლდა და დღემდე გრძელდება. დაარსების დღიდან ხელოვნების უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს; მის კურსდამთავრებულებს შორის არაერთი ცნობილი ხელოვანია.
1991 წელს უნივერსიტეტს ჰქონდა სამი "გამოყენებითი ხელოვნების", "ვიზუალური ხელოვნების" და "კინოსა და თეატრის" ფაკულტეტი და ერთი კამპუსი ისპაჰანში. მოგვიანებით, 1994 და 2001 წლებში შეიქმნა მუსიკის და არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტები. 2000 წელს ისპაჰანის კამპუსი გამოეყო უნივერსიტეტს და ცალკე დამოუკიდებელ აკადემიურ ერთეულად დაიწყო ფუნქციონირება. მომდევნო წლებში უნივერსიტეტს დაემატა „კონსერვაციისა და რესტავრაციის“ და „თეორიული მეცნიერებებისა და ხელოვნებათმცოდნეობის" ფაკულტეტები. უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად უნივერსიტეტში სპეციალურად შეიქმნა ფარაბის საერთაშორისო კამპუსი.
თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის მთავარი შენობა მდებარეობს თეირანის ცენტრალურ უბანში, ძველ და ისტორიულ „მაშყის მოედანზე“. შენობაში, რომელიც დაახლოებით 200 წლისაა, განთავსებულია მუზეუმი და ადმინისტრაციული ნაწილი.
თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო და კვლევითი საქმიანობა
თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის. საზღვარგარეთ უნივერსიტეტებთან და უმაღლესი განათლების ცენტრებთან ცოდნისა და ტექნოლოგიების გაცვლის, კონფერენციების გამართვისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განყოფილება".
უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა უმეტესად მიმართულია საგანმანათლებლო კურსების მხარდაჭერაზე. თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი ასევე აქვეყნებს სამ სამეცნიერო ჟურნალს არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში.
2017 წლიდან შეიქმნა თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის კიდევ ერთი კვლევითი განყოფილება. „სამეცნიერო-მხატვრული თანამშრომლობა საზოგადოებასთან“; ამ ჯგუფის მთავარი მიზანია საზოგადოებასა და ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობისა და გამოყენებითი მხატვრული კვლევითი სამუშაოების მხარდაჭერა.
უნივერსიტეტის „ზრდისა და მეწარმეობის ცენტრის“ საქმიანობა თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტის კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაა. 2020 წელს დაარსებული ცენტრი განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდისა და მეწარმეების მხარდაჭერის საშუალება ხელოვნებაში. ახალი იდეებისა და კომპანიების დახმარება კვლევისა და წარმოების ციკლის დასრულებაში, გამომგონებლებისთვის სამეცნიერო, ტექნიკური, აღმასრულებელი და ფინანსური შესაძლებლობების მიწოდება და კერძო სექტორის ხელშეწყობა მხატვრულ ბაზარზე, "ზრდისა და მეწარმეობის ცენტრის" ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია.
სახელი | თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 5000 |
კონტაქტები | 02166733401 |
ვებგვერდი | https://art.ac.ir/en |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: