
შეიხ სეფი ედ-დინის მავზოლეუმი
სეფი ედ-დინ აბულფათჰ ისჰაყი, ცნობილი სახელით შეიხ სეფი არეფი, სეფიანთა გვარის და სუფიურ-დერვიშული ორდენის სეფევიეს დამაარსებელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII-XIV საუკუნეებში. სუფიურ წრეებში ითვლებოდა, რომ სეფი ედ-დინი, მეშვიდე შიიტი იმამის მუსა ქაზემის მეცხრამეტე თაობის შთამომავალი იყო.
დაახლოებით 700 წლის წინ, ამ კომპლექსის ადგილას დიდი ბაღი იყო, სადაც შეიხ სეფი თავის მოწაფეებს - მურიდებს ცოდნას და სიბრძნეს აზიარებდა. ბაღი, შეიხ სეფის სიცოცხლის მანძილზე ერთგვარ ხანაგას - დერვიშთა სამყოფელს წარმოადგენდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1334 წელს, მისმა ვაჟმა სადრ ად-დინ მუსამ მამის საფლავზე აკლდამა-კოშკი „ალაჰ ალაჰ“-ი ააგო. შემდგომში, სეფიანი მეფეების მმართველობის პერიოდში, კომპლექსმა მრავალი ცვლილება განიცადა, თანდათან გაფართოვდა, აშენდა ახალი ნაგებობები. შეიხ სეფის განსასვენებელი ადგილი თანდათან სეფიანთა საგვარეულო სამარხად იქცა. აქ დაკრძალული არიან შაჰ ისმაილ I, მმართველი დინასტიის სხვა წარმომადგენლები, მათი ცოლები, შვილები და სხვა წარჩინებულები.
დღეს სეფი ედ-დინის საფლავი, ერთგვარ სამარხთა კომპლექსს წარმოადგენს. შეიხ სეფი ედ-დინის მავზოლეუმის კომპლექსში შემავალი შენობები 1334 - 1628 წლებშია აგებული. მისი მდიდრულად გაფორმებული ფასადები და ინტერიერი შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათი მაგალითია. 1932 წლის 6 იანვარს, შეიხ სეფი ედ-დინის მავზოლეუმის კომპლექსი დარეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში, ხოლო 2010 წლის 31 ივლისს, მან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრობის ძეგლთა შორის დაიკავა ადგილი. შეიხ სეფი ედ-დინის მავზოლეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეფიანური ეპოქის ძეგლია ქალაქ არდებილში და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს, როგორც სეფიანთა წინაპრებისა და ამ დინასტიის ზოგიერთი დიდი წარმომადგენლის განსასვენებელი ადგილი. შეიხ სეფი ედ-დინი მავზოლეუმის კომპლექსი, ირანის ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.
სახელი | შეიხ სეფი ედ-დინის მავზოლეუმი |
ქვეყანა | ირანი |








შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: