შიშეგარი (მინის ნაწარმის დამზადება)
შიშეგარი (მინის ნაწარმის დამზადება)
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ მინის ნაწარმის დამზადება ჯერ კიდევ ძველ ირანში (აქამენიდთა ხანაში) იყო გავრცელებული. ჩოყაზანბილის ზიგურათის გათხრების შედეგად მრავალი მინის ბოთლია აღმოჩენილი. პართელების და სასანიანების დროინდელი მინის საგნების აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ მინის მრეწველობა ირანში ფართოდ იყო გავრცელებული და ნაკეთობები ორგვარი - ყალიბში ჩაბერვის ან თავისუფალი ჩაბერვის ხერხით მზადდებოდა. ირანში მინის უძველესი ნაწარმი ქრისტეშობამდე 2 ათასი წლით თარიღდება. აღმოჩენილია ქრისტეშობამდე 2000-1000 წლებში დამზადებული სანელსაცხებლეები, სამაჯურები, თასები, სურები და სხვა.
სელჩუკების დროიდან მონღოლებამდე, ირანის სხვადასხვა ქალაქში მინის ულამაზესი ნაწარმი მზადდებოდა - მომინანქრებული, მოჩუქურთმებული, სხვადასხვაგვარი ორნამენტებით გაფორმებული, მოხატული. ისლამის აღზევებასთან ერთად, ირანელი მინის მწარმოებლების უმეტესობა დამასკოსა და ალეპოში გადავიდა. ისტორიის ამ ეტაპზე, მინის ნაწარმის ფორმის შეცვლასთნ ერთად, გავრცელდა მინაზე კალიგრაფია სხვადასხვა ფერით, ფერადი მინის და მინანქრის წარმოება. სელჩუკთა პერიოდი (XI-XII საუკუნეები) მინის მრეწველობის აყვავების პირველ პერიოდად ითვლება.
მოგვიანებით, სეფიანთა დინასტიის მმათველობაში მოსვლასთან ერთად, ისპაჰანსა და შირაზში მინის მრეწველობის სახელოსნოები გაიხსნა და ოსტატები ბროლის ნაწარმის დამზადების ხელოვნებასაც დაეუფლნენ.
დღესდღეობით, ძველი ირანის დროინდელი მინის ჭურჭლის ნიმუშები თეირანის მინის ნაწარმის მუზეუმშია ხელმისაწვდომი. თეირანში, ისპაჰანში, მეიმანდში, ყამსარში და სხვა ქალაქებში მინის ნაწარმი მრავალ სახელოსნოში მზადდება.
ისპაჰანის ხელნაკეთობებიდან ერთ-ერთი მინის მოზაიკაა. სეფიანთა პერიოდიდან მოყოლებული, ირანში სასახლეების და მნიშვნელოვანი ნაგებობების გასაფორმებლად მინის მოზაიკის სახეობას გამოიყენებდნენ. მინის ფორმები მთლიანად გეომეტრიული იყო და ლითონის ტიხრების ნაცვლად, ხის მასალისგან დამზადებულ ჩარჩოებს იყენებდნენ. ეს ხელოვნება ტრადიციული შენობების გასაფორმებლად დღესაც გამოიყენება.
ირანში მინაზე მხატვრობა შემდეგი თემატიკისაა: ფერადი არშიები, ყვავილები და ფრინველები, პორტრეტები, რელიგიური მოვლენები, საბრძოლო სცენები, ადამიანის და ცხოველების გამოსახულებები, გეომეტრიული ფიგურები, პეიზაჟები, ამონარიდები ყურანიდან.
სახელი | შიშეგარი (მინის ნაწარმის დამზადება) |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: