ნოურუზის ჯეჯილი
ახალი წლის დადგომამდე ხორბლის, ოსპის ან სხვა მარცვლოვანი მცენარის მარცვლებს ხვავისა და ბარაქის ნიშნად ქოთნებში თესავენ, ამწვანებენ და ნოურუზის სუფრაზე დებენ. ზოგი სეზამის მარცვლებს თიხის ქოთანში თესავს, ზოგიც მარცვლებს სახლის კედლებზე, შვიდ ნიშაში ათავსებს და ნოურუზის ჯეჯილს ასე ახარებს.
ნოურუზის დღესასწაულისთვის ჯეჯილის გახარების ტრადიცია აჰრიმანის დამარცხების შემდეგ, ჯემშიდის უნაყოფო მიწაზე დაბრუნებას უკავშირდება, სადაც არც ბალახი და არც ხე ხარობდა. როგორც ამბობენ, ამ დღეს ყველა ადამიანმა ერთი მუჭა ქერი დათესა. ამ დროიდან მოყოლებული, ეს ტრადიცია დამკვიდრდა და ადამიანები ნოურუზის დადგომამდე 7 სახის მარცვლეულს სახლის 7 ნიშაში თესავენ. თითოეული აღმოცენებული მცენარის ავკარგიანობა იმის მანიშნებელია, თუ როგორ გაიხარებს ეს მარცვლოვანი კულტურა მომავალ წელს.
სასანიანთა პერიოდში, ნოურუზის დადგომამდე 25 დღით ადრე, გამოუმწვარი აგურისგან აშენებელ 12 სვეტზე 12 სახეობის მარცვლეულს დათესავდნენ. გახარებულ ჯეჯილს 6 ფარვარდინს დაკრეფდნენ, სხვადასხვა მხარეს მიმოფანტავდნენ და 16 ფარვარდინამდე არ აკრეფდნენ. აღმოცენებულ მცენარეებს აკვირდებოდნენ და რომელიც უფრო კარგად იყო გახარებული, მომავალ წელს იმ კულტურის უხვმოსავლიანობას ვარაუდობდნენ. დღეს, ჯეჯილს ნოურუზის დადგომიდან მე-13 დღემდე ინახავენ, შემდეგ კი წყალს ატანენ.
ირანელებისთვის ჯეჯილის გახარება მთელი წლის განმავლობაში სიმწვანისა და სიხარულის გარანტია. სჯერათ, რომ ამ ტრადიციის წყალობით, სიმშვიდით და ბარაქით სავსე ცხოვრება ექნებათ. ჯეჯილის დათესვის და მისი წყლისთვის გატანების ტრადიციას ძველი ბაბილონურ-სირიული რიტუალი ენათესავება, - ადონისის გაზაფხულის ფესტივალზე მცენარეებს და ყვავილებს დარგავდნენ, რომლებსაც 8 დღის შემდეგ ადონისის ფიგურასთან ერთად ტბაში ან მდინარეში ჩაყრიდნენ.
"ჰაფთ სინის" სუფრის კომპონენტები, ძირითადად, ოჯახებში მზადდება. დიასახლისი, ნოურუზის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურის (ხორბალი, ოსპი, წიწმატის თესლი, ქერი და ა.შ.) მარცვლებს თასში თესავს და მის მორწყვას იწყებს, რათა სადღესასწაულოდ ახალი და ხასხასა ჯეჯილი ჰქონდეს, რაც თავის მხრივ, სიცოცხლის განახლებას განასახიერებს.
სახელი | ნოურუზის ჯეჯილი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | ეროვნება |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: