ზოროასტრის ქააბა
ზოროასტრის ქააბა არის აქემენიდური პერიოდის კოშკის ფორმის არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ნაყშე-როსთამის არქეოლოგიური კომპლექსის ზონაში, დათარიღებულია ძვ.წ. V საუკუნით. კოშკის ორიგინალური სახელი და დანიშნულება უცნობია. ზოროასტრის ქააბას სახელი, სავარაუდოდ, მე-14 საუკუნეში მიიღო, როდესაც მთელს სპარსეთში ძველი ნანგრევების სახელები სხვადასხვა ზოროასტრული და მუსლიმანურ სახელებთან ასოცირდებოდა. ნაგებობა ევროპელი მკვლევრებისთვის ცნობილია XVII საუკუნიდან, როდესაც მოგზაურებმა ჟან შარდენმა, კორნეი ლე ბრუნმა და ენგელბერტ კემპფერმა აღწერეს ის თავიანთ ჩანაწერებში.
კუბის ფორმის კოშკი ნაყშე-როსთამის კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ნაგებობა გეგმით კვადრატულია და აგებულია თეთრი კირქვის ბლოკებით, ხსნარის გამოყენების გარეშე; ქვის ბლოკები ერთმანეთთან რკინის სამაგრებითაა შეკავშირებული. კედლის სიგრძე 7,25 მეტრია, სიმაღლე 12,5 მეტრი, ხოლო სამსაფეხურიან კვარცხლბეკთან ერთად ნაგებობის მთლიანი სიმაღლე 14 მეტრს აღწევს. ერთადერთი შესასვლელი 1,75 სმ სიმაღლისა და 87 სმ სიგანისაა. ოთახამდე 30 საფეხურიან ქვის კიბეს ავყავართ, რომლის ზედა ნაწილი დანგრეულია, ქვედა ნაწილი კი კარგად არის შემონახული. სამი მეტრის სიმაღლიდან ფასადებს ამშვენებს 15 მწკრივი (ჩრდილოეთის კედელზე 16) მცირე და ვიწრო სწორკუთხა ჭრილები.
რა დანიშნულება ჰქონდა ზოროასტრის ქააბას?
მკვლევრებმა შენობის დანიშნულების სხვადასხვა ვერსია წამოაყენეს - ცეცხლის ტაძარი, არქივი თუ მავზოლეუმი. ასევე წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ ნაგებობა დარიოს I-ის კორონაციის პატივსაცემად იყო აღმართული. ასევე არსებობს ვერსია, რომ კუბი სასანურ პერიოდში გამოიყენებოდა შაბურ I-ისა და დინასტიის სხვა წევრების სამარხად, მაგრამ ნაყშე-როსთამის წარწერები ამას არ ადასტურებს.
შენობის კედლებზე კვამლის კვალის არარსებობა ნაკლებ სავარაუდოს ხდის ჰიპოთეზას, რომ ის ოდესღაც ცეცხლის ტაძარი იყო. გამოითქვა ვარაუდი, რომ შენობას არქივის დანიშნულება ჰქონდა, რომელშიც ინახებოდა ავესტას კოდექსი, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა არც ეს ვარაუდი დაადასტურა.
ზოროასტრის ქააბას წარწერები
ნაგებობაზე ამოკვეთილია წარწერები, რომლებიც III საუკუნის სასანიდური სახელმწიფოს ისტორიის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი წყაროა - შაბურ I-ის სამენოვანი წარწერა და მაღალი რანგის ზოროასტრიელი ქურუმის, კარტირის წარწერა.
შაბურ I-ის წარწერა
შენობის საძირკვლის (ან ქვის ქვედა მწკრივის) ოთხ კედელზე ამოკვეთილია წარწერა შაბურ I-ის სახელით სამ ენაზე (პართიული, ბერძნული და სპარსული).
ამ წარწერის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია და აღწერს შაბურის ლაშქრობებს, რომის წინააღმდეგ ბრძოლას, რომის იმპერატორის ვალერიანეს დატყვევებას და ა.შ. მეორე ნაწილი აღწერს შაბურის საკულტო და მემორიალურ საქმიანობას. შაბურის ბრწყინვალე ტიტულატურის ჩამოთვლას მოსდევს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქვეყნების გრძელი სია და იმდროინდელი ირანის საზღვრების აღწერა.
კარტირის წარწერა
19 სტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია შაბურ I-ის წარწერის ქვეშ. წარწერა გაკეთდა ბაჰრამ II-ის მეფობის დროს, დაახლოებით 280 წელს. კარტირის წარწერა, რომელიც მეფეთა წარწერების მსგავსად ამოიკვეთა, უნიკალური შემთხვევა არა მარტო სასანური ირანისთვის. ამ წარწერაში კარტირი ჰყვება თავის ღვაწლსა და საქმიანობაზე - ცეცხლის ტაძრების დაარსების, რწმენის განმტკიცების, ურწმუნოების დევნის, რეფორმების, შაბურ I-ის ლაშქრობებისა და დაპყრობილი მიწების შესახებ.
ზოროასტრის ქააბა 1931 წელს შეტანილი იქნა ირანის ეროვნული მემკვიდრეობის ნუსხაში.
სახელი | ზოროასტრის ქააბა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: