შაჰრიარის ხსოვნის დღე და ნომადი ბართაიას 80 წლის იუბილე თსუ-ში
შაჰრიარის ხსოვნის დღე და ნომადი ბართაიას 80 წლის იუბილე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის, შაჰრიარის ხსოვნის დღე და თსუ პროფესორის, ირანისტიკის კათედრის ყოფილი ხელმძღვანელის, მწერლის, მთარგმნელის ნომადი ბართაიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის, შაჰრიარის ხსოვნის დღე და თსუ პროფესორის, ირანისტიკის კათედრის ყოფილი ხელმძღვანელის, მწერლის, მთარგმნელის ნომადი ბართაიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, თსუ ირანისტიკის კათედრის ინიციატივით, გადაწყდა ამ ორი თარიღის - შაჰრიარის ხსოვნის დღისა და ნომადი ბართაიას 80 წლის იუბილეს ერთად აღნიშვნა, რაც ლოგიკურია. ბატონი ნომადი ბართაია ზოგადად სპარსულ პოეზიასაც ემსახურა და კონკრეტულად შაჰრიარის პოეზიაც თარგმნა. 2016 წელს პროფესორ ნომადი ბართაიას ირანელი პოეტის, შაჰრიარის, სახელობის კულტურის მედალი მიენიჭა. ნომადი ბართაია პირველი ქართველი ირანისტი გახლდათ, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა მეჰდი საადათნეჟადმა ისაუბრა სპარსული მწერლობისა და ირანელი პოეტის, შაჰრიარის, შემოქმედებაზე. ასევე, ნომად ბართაიას, როგორც შაჰრიარის პოეზიის მთარგმნელზე, მეცნიერსა და პოეტზე.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნომადი ბართაიას გადასცა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი.
ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორმა, ევროპის მათემატიკური ლინგვისტიკის საზოგადოების წევრმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ქართულ-ირანული ენობრივი, ლიტერატურული და კულტურული კვლევების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორი ნომადი ბართაია დააჯილდოვა საქართველოს ფაზისის აკადემიის საპატიო სიგელითა და ფაზისის აკადემიის წევრად არჩევის დამადასტურებელი დიპლომით.
ღონისძიებაზე იუბილარის შემოქმედების ლიტერატურათმცოდნეობით-ლინგვისტური ანალიზი წარმოადგინა ახალგაზარდა ირანისტმა, პოეტმა და მთარგმნელმა, გიორგი ხულორდავამ; ნომადი ბართაიას სპარსულ-ქართული ენობრივი კონტაქტების თაობაზე შექმნილ ნაშრომებზე ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა ფატმან ანთაძე-მალაშხიამ; პროფესორმა მარიკა ჯიქიამ ყურადღება გაამახვილა შაჰრიარის აზერბაიჯანული პოემის "სალამი, ჰეიდარბაბას" ბართაიასეული თარგმანის ლექსმცოდნეობით მხარეზე. ნომადი ბართაიას შემოქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა, გვანჯი მანიამ, ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და სხვ.
შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში. ნომადი ბართაიას შემდეგ მედალი მიღებული აქვთ ქართველ ირანისტებს: თეა შურღაიას, ლილი ჟორჟოლიანს, მაია სახოკიას, გიორგი ლობჟანიძეს.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.