საადი შირაზელი
საადი შირაზელი
საადი შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მწვერვალად არის აღიარებული. საადის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს ლირიკულ ლექსთა ოთხი დივანი, დიდაქტიკური პოემა „ბუსთანი“, ლექსნარევი პროზით დაწერილი იგავ-არაკული ჟანრის თხზულება „გოლესთანი“ და სხვ. საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. იგი დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში „ნიზამიეში“ (რომელიც სელჯუკიანთა დიდვეზირის, ნიზამ ალ-მულქის მიერ იყო დაარსებული). იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსანახულებლად. საადის ეს მოგზაურობა 25 წლამდე გააგრძელა. მან მოიარა მუსლიმური აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა. მისი მოგზაურობა ხშირად ფათერაკებით იყო აღსავსე. 1256 წელს ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: „ბუსთანს“ (1256–1257) და „გოლესთანს“ (1257–1258). ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა.
საადი სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატია. მისი „გოლესთანის“ ენა სპარსული კლასიკური პოეზიის მწვერვალად არის აღიარებული. რითმოვანი პროზის (საჯ’ის) ზომიერი გამოყენება, ფრაზის ლაკონიზმი, ხატოვანი აზროვნება და სხვა, ირანელთათვის დღევანდლამდე ნიმუშად არის დარჩენილი. განუზომელია საადის გავლენა სპარსულ ლიტერატურაზე და თვით ირანელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საადის აზრები დღემდე საზოგადოებრივ ეთიკურ ნორმებად არის მიჩნეული ირანში, ხოლო მისი ფრთიანი გამოთქმები და აფორიზმები უკვე კარგა ხანია, რაც სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.
საადის შემოქმედების მნიშვნელობა და ლიტერატურული სტილი
საადის შემოქმედების ორი გამორჩეული ნიშანია ფრაზის ლაკონიზმი, ხატოვანი აზროვნება, რაც მას სპარსული ლიტერატურის მწვერვალზე აყენებს. ის გამორჩეულია კაცთმოყვარეობის გრძნობითა და მშვიდობიანი ცხოვრების სიყვარულით. საადის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ჰუმანიზმი, სამართლიანობისკენ მისწრაფება, ზნეობა და თანაგრძნობა სხვების გასაჭირის მიმართ; ის აქცენტირებს ადამიანის პასუხისმგებლობას, თავი აარიდოს ზიანის მიყენებას სხვებისთვის. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ნათლად ასახავს ამ თვისებებს, რომლებიც არა მხოლოდ ლიტერატურულ მნიშვნელობას ფლობს, არამედ ადამიანის ღირებულებითი დამკვიდრების გზასაც წარმოადგენს:
ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,
დაეკარგება, უსათუოდ, სიმშვიდე ყველას,
თუ კი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთიც.
(ნომადი ბართაიას თარგმანი)
„ბუსთანი“ და „გოლესთანი“ - მსოფლიო მნიშვნელობის ორი ნაწარმოები
საადიმ თავისი პირველი ნაწარმოები, „ბუსთანი“, მოგზაურობების დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე შექმნა. „ბუსთანი“ პოეტური ხასიათის ნაწარმოებია, რომელსაც საადიმ აბუ ბაქრ იბნ საად იბნ ზანგის აჩუქა, როდესაც ჰიჯრის 655 წელს (1257 წ.) შირაზში დაბრუნდა. ჟურნალმა „გარდიანმა“ საადის „ბუსთანი“ კაცობრიობის ისტორიაში 100 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.
“გოლესთანი" სპარსული ენის მელოდიური პროზის ნიმუშია, რომელიც საადი შირაზელმა 1258 წელს დაწერა. "გოლესთანი" დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოებია, შედგება შესავლისგან და 8 კარისგან, რომლებიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: მეფეეთა ცხოვრება, დერვიშთა ეთიკა, ბედით კმაყოფილება, დუმილის სარგებელი, სიყვარული და სიყმაწვილე, უძლურება და სიბერე, აღზრდის როლი და საუბრის ხელოვნება. ავტორი თხრობისას სხვადასხვა ფორმას და საზომს მიმართავს. თხზულება შეიცავს როგორც სადა, ისე რითმოვან და შედარებით რთულად მონაკვეთებს. საერთო ჯამში, "გოლესთანი" რიტმულ პროზად უნდა მივიჩნიოთ.
საადის საფლავი
საადის საფლავი მდებარეობს ქალაქ შირაზში და ცნობილია სახელით „საადიე“. იგი განლაგებულია ფაჰანდეჟის მთის კალთაზე და, ამბობენ, რომ ეს ადგილი ადრე თავად საადის ხანაგა იყო — ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ მურშიდები და დერვიშები. საფლავზე აღმართულია მაღალი, ოქტაგონის ფორმის შენობა, შექმნილი ირანული არქიტექტურის სტილში. შენობას გარშემო ულამაზესი, გამწვანებული ბაღი აკრავს, რომელიც დღეს წარმოადგენს თავშესაფარს და ნავთსაყუდელს ირანში ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალი მოყვარულისთვის.
21 აპრილი, ჰიჯრით 1 ორდიბეჰეშთი, ირანის ეროვნულ კალენდარში საადის დღედ არის აღნიშნული.
| სახელი | საადი შირაზელი |
| ქვეყანა | ირანი |
| მეტსახელი | საადი |
| შექმნის პერიოდი | XIII ს |
| მუშაობს | ბუსთანი გოლესთანი ყაზალები |
| Yard period | |
| ტიპი | , |


_91.jpg)


_91.jpg)
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: