ქართველი სტუმარი თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე
ქართველი სტუმარი თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე
გიორგი ლობჟანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენისა და ლიტერატურის პროფესორი: „სპარსული ლიტერატურული ძეგლების, მათ შორის „ვისრამიანის“ ქართულ ენაზე თარგმნის ისტორია, საუკუნეებს ითვლის“.
თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად მაისის თვეში თეირანში იმართება, ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. პირველად წიგნის საერთაშორისო გამოფენა თეირანში 1988 წელს გაიმართა და დროთა განმავლობაში ის ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა; თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს გამოფენას - ათასობით უნივერსიტეტის სტუდენტი, მეცნიერი, მკვლევარი, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე მოწვეული საერთაშორისო სტუმრებისთვის, ტრადიციულად გათვალისწინებულია შეხვედრები და საუბრები მკითხველებთან და გამოფენის სტუმრებთან.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების შეთანხმებით და ხელშეწყობით, წელს, თეირანის წიგნის 35-ე საერთაშორისო გამოფენას საქართველოდან სტუმრობდა აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენისა და ლიტერატურის პროფესორი გიორგი ლობჟანიძე.
გიორგი ლობჟანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მან მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ირანში, თეირანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში. გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, გახლავთ „ყურანის“ პირველი მთარგმნელი არაბულიდან ქართულ ენაზ;. ამ თარგმანისათვის მას მიენიჭა ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია.
თეირანის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხდომა - "სპარსული ენის შესახებ საქართველოსა და კავკასიაში, ვისრამიანიდან სოჰრაბ სეფეჰრიმდე", რომლეშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა გიორგი ლობჟანიძე. მან საინტერესოდ ისაუბრა საქართველოში სპარსული ლიტერატურის თარგმნის ტრადიციებსა და მდიდარ ისტორიაზე:
„სპარსული ენიდან თარგმნის ტრადიცია, არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით მთავრდება, ის საუკუნეებს ითვლის. დიდია ქართველების გატაცება სპარსული ლიტერატურით, რასაც ამ ძეგლების ქართული თარგმანები მოწმობს. XII ს. -ში პირველად ქართულ ენაზე ითარგმნა სპარსული ლიტერატურული ძეგლი, ფახრ ად-დინ გორგანის „ვისი და რამინი“; შეიძლება ითქვას, ეს უნიკალური და იშვიათი მოვლენა იყო, როდესაც ნაწარმოების დაწერიდან ძალიან მალე, 50 წლის შემდეგ, ის ითარგმნა სხვა ენაზე. "ვისრამიანის" პირველი ქართული თარგმანი, შოთა რუსთაველის მიერ ქართული ლიტერატურული შედევრის "ვეფხისტყაოსნის" შექმნის პარალელურად შესრულდა. არსებობს მოსაზრებებიც, რომ "ვეფხისტყაოსნის" ავტორი და "ვისრამიანის" მთარგმნელი, ერთი და იგივე პიროვნებაა“...
გიორგი ლობჯანიძემ აგრეთვე ისაუბრა "ვეფხისტყაოსნის" ორი სპარსული თარგმანის შესახებაც, აღნიშნა, რომ ეს თარგმანები ღირებული ნაშრომებია კულტურული ურთიერთქმედებების შესწავლის თვალსაზრისით: „ვეფხისტყაოსნის პირველი თარგმანი სპარსულ ენაზე, რომელიც ფარშიდ დელშადს ეკუთვნის და პოეტურ თარგმანს წარმოადგენს, 1998 წელს გამოიცა ირანში, საქართველოს საელჩოს მიერ. მეორე თარგმანი, პროზაულია და იუსეფ ქაზემფურს ეკუთვნის. ორივე თარგმანი ძვირფასია, მაგრამ ირანელი მეგობრების თქმით, პროზაული თარგმანი უფრო ორგანულია. ეპოქის კულტურული და ლიტერატურული საფუძვლების თვალსაზრისით, ორივე ნაწარმოები, ვეფხისტყაოსანი და ვისრამიანი, იმ დროის სტილისტურ ჩარჩოებშია. ვეფხისტყაოსნის პროლოგის სტროფმა „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები", არაერთ მკვლევარს უბიძგა რუსთაველის პოემის სპარსული წყაროს ძიებისკენ; თუმცა, მსგავსი წყარო ვერ მოიძებნა.“
გიორგი ლობჟანიძე საუბრისას შეეხო "შაჰნამეს" და მისი წართული ვერსიების საკითხებსაც: "შაჰნამეს" წიგნების უმეტესობა, ამ დიდებული ლიტერატურული ძეგლის შექმნიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქართულად ითარგმნა. "შაჰნამე" საქართველოში მეტად პოპულარული იყო, რომლის ცალკეული ნაწილები ხალხური თქმულებების სახითაც ვრცელდებოდა. შაჰნამეს ქართული ვერსიები ზოგი თემატიკით, ზოგი კი ხასიათით განსხვავდება სპარსული ორიგინალისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან ლიტერატურულ ძეგლებს წარმოადგენენ."
თეირანის წიგნის საერთაშორისო გამოფენის ქართველმა სტუმარმა ასევე ისაუბრა მის მიერ შესრულებულ ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართულ თარგმანზე: „დღეს სიამაყით წარმოგიდგენთ "არსთა მესნევის" მესამე წიგნს ქართულ ენაზე. პირველი და მეორე წიგნი უკვე გამოიცა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ ქართულ გამომცემლობაში - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“, ახლა კი მეოთხე წიგნის ჯერია. მეხუთე და მეექვსე წიგნებიც თითქმის მზად არის გამოსაცემად. თარგმნის პროცესი იოლი არ იყო, რუმის ერთი ფრაზა რომ გაიგო, ზოგჯერ თვეობით გიწევს ფიქრი, ჯერ უნდა გაიგო, რას გულისხმობს, შემდეგ უნდა თარგმნო ქართულად ისე, რომ თარგმანი ადეკვატური იყოს. თარგმანს დართული აქვს კომენტარები, რომლებიც უმეტესად, იმ ადამიანების ნაშრომებს ეყრდნობა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდნენ ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედებას. თარგმანზე მუშაობისას აღმოვაჩინე ქართული მასალაც. ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო ათეულობით ქართული სიტყვის პოვნა „არსთა მესნევის“ თარგმნისას. ჩემამდე ამ საკითხისთვის არცერთ ქართველ ირანისტს არ მიუქცევია ყურადღება.“
„არსთა მესნევის უპრეცენდენტო პოპულარობა არა ჩემი,
არამედ ჯალალ ედ-დინ რუმის დამსახურებაა“
გიორგი ლობჟანიძემ „არსთა მესნევის“ შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად ბევრი რისკებისა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მაინც ითავა სპარსული ლიტერატურის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლის ბეჭდვა და გამოცემა. „არსთა მესნევი“ ქართველ მკითხველთა შორის დიდი ინტერესით და პოპულარობით სარგებლობს.
სხდომის "სპარსული ენის შესახებ საქართველოსა და კავკასიაში, ვისრამიანიდან სოჰრაბ სეფეჰრიმდე" სხვა მონაწილეებს შორის იყო სეიედ ჰოსეინ თაბათაბაი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში და ირანის კულტურის მრჩეველი სომხეთის რესპუბლიკაში.
ჰოსეინ თაბათაბაიმ ისაუბრა სპარსული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელობასა და სპარსული ლიტერატურული ძეგლების თარგმანის ტრადიციებსა და ისტორიაზე სომხეთსა და საქართველოში. მან ისაუბრა სომხური მთარგმნელობითი სკოლის ძლიერ ტრადიციებზე და დასძინა, რომ სომხურ ენაზე სრულად, გარითმული პროზის სახით ითარგმნა ფირდოუსის „შაჰნამე“, რომელიც უახლოს მომავალში გამოიცემა. თაბათაბაიმ აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე გამოიცა ბელა შალვაშვილის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი „შაჰნამეს“ ცხრატომეული.
ჰოსეინ თაბათაბაიმ საუბრისას აღნიშნა, რომ ირანში ქართული ლიტერატურის შესახებ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სათანადო ინფორმაცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს მდიდარი ლიტერატურა და ჰყავს ძალიან კარგი მწერლები, რომელთა ნაწარმოებები ითარგმნა სხვადასხვა ენებზე, სამწუხაროდ სპარსულ ენაზე ქართული ლიტერატურა ნაკლებად ითარგმნება და ირან-საქართველოს მეზობლურ ურთიერთობებში ეს საკითხი აუცილებელ ყურადღებას მოითხოვს. მან აგრეთვე დასძინა, რომ ამ კუთხით სომხეთთან მიმართებაში უკეთესი მდგომარეობაა, და ამ მხრივ დიდია ირანელმა სომხების დამსახურება.
გიორგი ლობჟანიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა: "თანამედროვე მწერლისა და პოეტის პირველი პრობლემა გამომცემლების დაინტერესებაა. პირველი შეკითხვა, რომელსაც გამომცემლები გვისვამენ არის ის, თუ რა მოგების მომტანი იქნება ესა თუ ის თარგმანი გამომცემლობისთვის. ეს კითხვა ლახვარივით ხვდება ჩემს გულს. მე მთარგმნელი ვარ და არა ბიზნესმენი. მე არ ვიცი რა მატერიალური მოგების მოტანა შეუძლია ლიტერატურის თარგმანს, მაგრამ ვიცი რაოდენ დიდი სულიერი ღირებულება გააჩნია მას."
საუბრის დასასრულს ქართველმა მთარგმნელმა, პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ მოკრძალებით აღნიშნა, რომ მცირედი წვლილი მასაც მიუძღვის საქართველოში სპარსული ლიტერატურის პოპულარიზაციაში: "საქართველოში სოჰრაბ სეფეჰრის პოეზიის პოპულარულობაში მცირედი, მაგრამ ჩემი წვლილიც არის. ბევრი ფიქრობს, რომ სპარსული ლიტერატურის აყვავების ხანა შუა საუკუნეებში იყო და თანამედროვე ირანულ მწერლობას სათქმელი აღარაფერი დარჩა; ეს რა თქმა უნდა ასე არა არის, მე მსურს ჩემი საქმიანობით, მდიდარი თანამედროვე ირანული ლიტერატურის თარგმნით, ეს მცდარი აზრი შევცვალო."