ირანის ცენტრალური ბანკის ეროვნული საგანძური
ირანის ეროვნული საგანძური-მუზეუმი მდებარეობს ირანის ცენტრალური ბანკი შენობის საცავში. აქ თავმოყრილია საიუველირო ნაწარმი, რომელიც ირანის მმართველი სხვადასხვა დინასტიების მიერ საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა. ირანის ეროვნულ საგანძურს მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი საიუველირო ნაკეთობების კოლექცია გააჩნია. საცავში თავმოყრილია უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ქვები. ირანის ეროვნული საგანძური მნახველებისათვის მხოლოდ გარკვეულ დღეებშია ღია და ისიც რამდენიმე საათით. მაგრამ ამ მცირე დროშიც კი მნახველს შესაძლებლობა ეძლევა წარმოდგენა შეიქმნას სხვადასხვა ეპოქის ოსტატთა ხელოვნებაზე და აქ დაგროვილი სიმდიდრის მასშტაბებზე. საგანძურში ინახება ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი, 182 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი დარია–ე–ნურ (სინათლის ზღვა); სამკაულები, სამეფო გვირგვინები, დიადემები, ხმლები, ნადირ შაჰის ფარი, რომელიც დამზადებულია მარტორქის ტყავისაგან და შემკულია ძვირფასი ქვებით, ფათალი შაჰის სამეფო ტახტი ეგრეთწოდებული „ფარშევანგის ტახტი“; ХIХ საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური გლობუსი, რომლის დასამზადებლად 34 კილოგრამი ოქრო და ოთხ კილოგრამამდე ძვირფასი ქვა დაიხარჯა.
საგანძურის ფონდის ძირითადი ნაწილი შეგროვდა სეფიანთა მმართველობის ეპოქაში (1501-1736 წწ.), მათ თავი მოუყარეს ძვირფასეულობას ევროპიდან, ოსმალეთის იმპერიიდან, ინდოეთიდან. ზოგიერთი ექსპონატი (მათ შორის ბრილიანტი "დარია-იე ნურ") ნადირ შაჰის ინდური ლაშქრობიდან იქნა ჩამოტანილი. კოლექციის გამდიდრებაში ყაჯართა დინასტიის მონარქებმა (1785-1925) ასევე დიდი წვლილი შეიტანეს; ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობდნენ შეეგროვებინათ და ირანში თავი მოეყარათ საინტერესო ნიმუშებისთვის. მუზეუმში დაცული არაერთი ექსპონატი, მათი დაკვეთით, მათ განკარგულებაში არსებული ძვირფასი ქვებისგან დამზადდა.
სამუზეუმო ფონდში დაცულია და ექსპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ირანის უკანასკნელი სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის და მისი მეუღლის, დედოფალ ფარაჰის გვირგვინები, დიადემები, გულსაკიდები, ბროშები... რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ეს უნიკალური საგანძური ირანის მმართველების და მათი ოჯახის პირად განკარგულებაში იყო. 1937 წელს რეზა შაჰ ფეჰლევიმ საგანძური სახელმწიფოს განკარგულებაში გადასცა; საგანძური გადაიტანეს ეროვნული ბანკის (ამჟამად ირანის ცენტრალური ბანკის) საცავებში. კოლექციის ნაწილი პირველად ფართო საზოგადოებისთვის გამოიფინა 1960 წელს. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა და მხოლოდ 90– იანი წლების დასაწყისში შესაძლებელი გახდა მუზეუმის ხელმეორედ გახსნა.
სახელი | ირანის ცენტრალური ბანკის ეროვნული საგანძური |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: