ირანის ნაციონალური მუზეუმი
ირანის ნაციონალური მუზეუმი შედგება ორი სამუზეუმო კომპლექსისაგან: ირანის არქეოლოგიური მუზეუმი, დაარსდა 1937 წელს და ისლამური ხელოვნების მუზეუმი, რომელიც 1972 წელს დაარსდა. მუზეუმი ინახავს ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას: არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მრავალფეროვან კოლექციებს, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალას, თიხის ჭურჭელს, ნუმიზმატიკის მდიდარ კოლექციას, სამკაულებს, იშვიათ წიგნებს და სხვა. მუზეუმში დაახლოებით 300 ათასი სამუზეუმო ექსპონატია დაცული. ყველაზე ძველი ექსპონატები განეკუთვნება მუსტიეურ ეპოქას, ქვედა პალეოლითის ყველაზე გვიანდელ ხანას. მუზეუმში აგრეთვე დაცულია ზედა პალეოლითის ხანის იარაღები, აღმოჩენილი იაფთეს მღვიმეში, ლურისტანის პროვინციაში, რომელთა ასაკი 30-35 ათასი წელია. ასევე, სხვა უძველეს ექსპონატებს შორის არის 9 ათასი წლის წინანდელი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, რომლებიც აღმოაჩინეს ქერმანშაჰის პროვინციაში, სარაბის მთის გათხრების შედეგად. ძველი ირანის მუზეუმის აგურის შენობა, რომლის ფართობი დაახლოებით 11 ათასი კვ. მეტრია, XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა არქიტექტორმა ანდრე გოდარმა დააპროექტა. შენობის არქიტექტურული იერსახის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა სასანიანთა ეპოქის არქიტექტურამ, განსაკუთრებით ქტესიფონის თაყ-ე ქასრას სასახლემ. მუზეუმის შენობის მშენებლობა 1935 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში დასრულდა აბას ალი მემარისა და მორად თავრიზის მიერ. ოფიციალურად გაიხსნა 1937 წელს.
ისლამური ხელოვნების მუზეუმის შენობა სამ სართულიანია, რომელიც საგამოფენო, საკონფერენციო, დროებითი და მუდმივი საექსპოზიციო სივრცეებისგან შედგება: პირველი სართული ეთმობა დროებით საგამოფენო სივრცეს და საკონფერენციო დარბაზს. ისლამური ხელოვნების მუზეუმის მეორე და მესამე სართულის საექსპოზიციო დარბაზებში, ექსპონატები ქრონოლოგიურად არის განლაგებული. მუზეუმს სულ ექვსი საგამოფენო დარბაზი აქვს: მეორე სართული მოიცავს ადრეული ისლამის, სელჩუკების, ჰულაგუიანთა პერიოდის დარბაზებს; პირველ სართულზე განლაგებულია ყურანის, თემურიდების, სეფიანთა, აფშარიდების, ზენდების და ყაჯართა პერიოდის დარბაზები.
ირანის ნაციონალური მუზეუმი მრავალფეროვანი, მდიდარი კოლექციის წარმოჩენის გარდა, მიზნად ისახავს ირანის როლის წარმოჩენას მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში.
სახელი | ირანის ნაციონალური მუზეუმი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: