„არსთა მესნევი" ჯალალ ედ-დინ რუმის მიერ დაწერილი მისტიკური პოემაა. „მესნევი“ 26 000 ბეითისგან შედგება, 6 წიგნს მოიცავს და დაწერილია სალექსო საზომით - რამალით (სალექსო საზომი, რომელიც დიდაქტიკური ნაწარმოებებისთვის გამოიყენება).
რუმიმ პოემის წერა 1262-1272 წლებში თავისი მოწაფის - ჰოსამ ედ-დინ ჩალაბის თხოვნით დაიწყო. თავდაპირველად, მხოლოდ 18 ბეითი დაწერა. ჰოსამ ედ-დინის მეუღლის და რუმის ვაჟის გარდაცვალების გამო, პოემის წერა შეფერხდა და პოეტი დაწყებულ საქმეს 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
თუ "შაჰ-ნამე“ ირანელი ხალხის ძველი დროის ეპოსია, "არსთა მესნევს“ შეგვიძლია, ისლამის შემდეგდროინდელი ირანის ეპოსი ვუწოდოთ. რუმის თხრობის სტილი ამ პოემაში “ ქილილა და დამანას" და მეტ-ნაკლებად "ათას ერთ ღამის" სტილს უახლოვდება. ეს წიგნი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. რეინოლდ ნიკოლსონმა „არსთა მესნევი“ ინგლისურად სრულად თარგმნა და გამოსცა. „მესნავის“ შესახებ მრავალი კომენტარი დაიწერა, მათ შორის აბდულბაყი გოლპინარლის კომენტარი თურქულ და ბადი’ოზ-ზამან ფორუზანფარისა - სპარსულ ენაზე.