წარმომადგენლობა
იბნ ბავაბი და რეიჰანის კალიგრაფიული სტილი

იბნ ბავაბი და რეიჰანის კალიგრაფიული სტილი

იბნ ბავაბი და რეიჰანის კალიგრაფიული სტილი

ცნობილი კალიგრაფი და მხატვარი ალა ად-დინ აბულჰასან ალი ბინ ჰილალ, ცნობილი სახელით "იბნ ბავაბ", ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X-XI საუკუნეებში. იბნ ბავაბის დაბადების ადგილისა და თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბაღდადში გაატარა. მამამისი ჰილალი, ალ-ბუიეს კარიბჭის მცველი იყო; სახელი იბნ ბავაბ სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "კარიბჭის მცველის შვილი".

 

კალიგრაფობამდე იბნ ბავაბი დიდგვაროვანთა სახლების მოხატვით იყო დაკავებული, შემდეგაც მოოქროების და წიგნების მოვარაყების ხელოვნებას მიჰყო ხელი. დაინტერესებული იყო ენით და ლიტერატურით; იყო იბნ ჯინის მოწაფე. აბულჰოსეინ მუჰამედ ბინ სამუნ ვაეზი და აბუ უბეიდულა მარზუბანი ასევე მოხსენიებული არიან როგორც მისი მასწავლებლები. შესანიშნავი ხელწერის მქონემ, დაიწყო წიგნების გადაწერა და მთელი თავისი ენერგია ამ საქმეს დაუთმო. კალიგრაფიას იბნ მუკლას მოსწავლეებისგან - მუჰამედ ბენ ასადისა და მუჰამედ ბენ სამსანისგან სწავლობდა. იბნ ბავვაბი პირველი იყო, ვინც არაბულ კუთხოვან დამწერლობას მომრგვალებული ფორმა მისცა. ამრიგად, იგი იბნ მუკლას შემდეგ კალიგრაფიის უდიდეს ოსტატად მიიჩნევა. იბნ ბავაბმა თავისი გამორჩეული მხატვრული ხედვითა და ნიჭით, განსაკუთრებული მხატვრული სილამაზე შესძინა კალიგრაფიას. რეიჰანისა და მოჰაყეყის კალიგრაფიის წარმოშობაც მას მიეწერება; აგრეთვე დიდია მისი ღვაწლი კალიგრაფიის ისეთი სტილების გაუმჯობესებაში და გამხატვრულებაში, როგორებიცაა ნარგესი, ლო’ლოი, მორას'ა და ვაში. როგორც ისტორიულ წყაროებშია ნათქვამი, მისი ეპოქის კალიგრაფებს შორის მას ბადალი არ მოეპოვებოდა. ბუვეიდი მმართველის აზად ად-აუდლას ძემ, ბაჰა ად-დაულამ, იბნ ბავაბი შირაზის ბიბლიოთეკის მთავარ მცველად დანიშნა. იბნ ბავაბმა ასევე დააარსა კალიგრაფიის სკოლა, რომელიც 1298 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

იბნ ბავაბის კალიგრაფიული ნიმუშები, XIII ს-ში უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. იბნ ბავაბმა თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, 70 სტრიქონიანი წერილი მისწერა თავისი ეპოქის ერთ-ერთ დიდებულს, სადაც ორ დინარს სთხოვდა. ამ წერილის გაგზავნიდან არც ისე დიდი დრო გავიდა და იბნ ბავაბის ხელწერისა და მისი კალიგრაფიული ნამუშევრების მნიშვნელობის გაცნობიერების შემდეგ, ისინი იშვიათი და ძვირფასი გახდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იბნ ბავაბის ორი დინარის თხოვნის წერილი, ჯერ 17 დინარად, შემდეგ კი 25 დინარად გაიყიდა. იბნ ბავაბმა წმინდა წიგნის ყურანის 64 ეგზემპლარი გადაწერა. იბნ ბავაბის ხელნაწერი ყურანის სრული ასლი, რომელიც 1001 წელს არის გადაწერილი, ირლანდიაში, ჩესტერ ბითის ბიბლიოთეკაში ინახება. მიუხედავად იმისა, ყურანის ამ ხელნაწერის კალიგრაფიული სტილი ოფიციალურად "ნასხი" ითვლება, ექსპერტები თვლიან, რომ ის "ნასხის" და "რეიჰანის" კალიგრაფიული სტილების ნაზავს წარმოადგენს, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "ნასხ-ე რეიჰან"-ია. იბნ ბავაბის არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერებია ცნობილი. მათ შორისაა ჯაჰილიის პერიოდის პოეტის, სალამა ბინ ჯანდალის ორი დივანი, რომელთაგან ერთი სტამბულში, თოფქაფის სასახლის მუზეუმში, მეორე კი თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

 

იბნ ბავაბის კალიგრაფიული სტილი, მომდევნო თაობის კალიგრაფებს შორის პოპულარული იყო, ვიდრე  იაყუთ ალ-მუსტასიმის სტილმა არ დაიკავა მისი ადგილი. იბნ ბავაბის მოწაფეებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ მუჰამედ ბენ აბდულმალიკი.

 

იბნ ბავაბი პოეზიის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. მის კალამს მიაწერენ რამდენიმე ყასიდას, მათ შორისაა "ოდა კალიგრაფიას".

 

იბნ ბავაბი გარდაიცვალა 1022 წელს ბაღდადში.  დაკრძალულია ბაბ ალ-ჰარბის სასაფლაოზე, აჰმად იბნ ჰანბალის საფლავის გვერდით.

სახელი იბნ ბავაბი და რეიჰანის კალიგრაფიული სტილი
ქვეყანა ირანი
მეტსახელიიბნ ბავაბი
შექმნის პერიოდიX-XI სს.
მუშაობსწმიდა წიგნი ყურანი რეიჰანის კალიგრაფიული სტილით

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: