ჰაფეზი
ხაჯე შამს ედ-დინ მოჰამედ შირაზი, ფსევდონიმით ჰაფეზი, ცნობილი, როგორც ხაჯე ჰაფეზი, სპარსული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია. ბავშვობისას, სასწავლებელში ყურანის სურების უმეტესობა და საადის "გოლესთანი" ზეპირად დაესწავლა. შემდეგ ლექსების თხზვა დაიწო. 9 წლის ასაკში ყურანი ზეპირად იცოდა და მაშინდელი წესის მიხედვით, ხალხში „ჰაფეზის“ სახელით გახდა ცნობილი (სპარს. حافظ დამცველი, კარგი მეხსიერების მქონე ადამიანი, ყურანის ზეპირად მცოდნე). ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ცვლილება მოხდა და იგი მეცნიერებით დაინტერესდა. სპარსული ლიტერატურის და რელიგიის პრინციპების გარდა, ჰაფეზი ფლობდა არაბულ ენას და, როგორც მისი ლექსებიდან ჩანს, ასტრონომიასა და მუსიკაშიც განსწავლული იყო. იგი ფირდოუსის, ნიზამის, საადის, ხაჯუ ქერმანის, ქამალ ხოჯანდის, ასევე არაბი პოეტების - ალ-მუთანაბის, აბუ ფირასის და აბუ ლ-ალა ალ-მაარის პოეზიას ზედმიწევნით იცნობდა. ჰაფეზის პოეზია ინოვაციურობის თვალსაზრისით სხვებზე მაღლა დგას. იგი სავსეა შემოქმედებითობით. ჰაფეზი პოეტური ოსტატობით ქმნის აზრების მიმდევრობას და მნიშვნელობათა ორაზროვნებას. მან ზუსტ მნიშვნელობებს, ალეგორიებს და ლიტერატურულ ხერხებს შორის ბალანსისა და ზომიერების დაცვით, პოეზიის დახვეწილობა და სილამაზე გასაოცარ სიმაღლეებამდე აიყვანა. ჰაფეზი პოეზიაში მუსიკალურობის შესაწმნლად ან მასთან მისაახლოებლად ორ ხერხს იყენებს: პირველი - სიტყვების შერჩევა და განლაგება, ბგერების კოორდინაცია და შეხმატკბილება, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ლექსის გარეგანი და შინაგანი მუსიკის შექმნა. მეორე ხერხი უკავშირდება იმ გავლენას, რომლის შედეგადაც, ლექსის მუსიკა ბადებს და ქმნის ახალ მნიშვნელობებს, ფანტაზიას, აღძრავს ემოციებს.
ჰაფეზი ლირიკოსია და მისი პოპულარობა ყაზალებითაა განპირობებული. ჩვენამდე შემორჩენილია მისი დივანი, რომელიც ხუთ ყასიდას, ყაზალებს, მოკლე მესნევებს (მაგ. "ველური ირემი" და "საყი-ნამე" (მერიქიფის წიგნი)), რობაიებსა და პატარა ლექსებს მოიცავს. მისი დივანი გასული 6 ასწლეულის განმავლობაში სხვა პოეტების ლექსებზე გაცილებით მეტჯერ გადაიწერა და მსოფლიოს ბიბლიოთეკების უმეტესობაში ამ დივანის ერთი ხელნაწერი მაინცაა ხელმისაწვდომი. ბეჭდური ინდუსტრიის გავრცელების შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებში და ირანში არც ერთი სპარსული წიგნი იმ რაოდენობით არ გამოცემულა, როგორც ჰაფეზის დივანი.
ჰაფეზის დივანი მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი (სულ მცირე 28 ენაზე). მრავალმა ირანელმა და უცხოელმა მწერალმა გამოაქვეყნა ნაშრომი ჰაფეზის პოეზიის თუ მისი ბიოგრაფიის შესახებ. ჰაფეზი მსოფლიოს ყველა წერტილში შეიყვარეს, მაგრამ ირანში მისი პიპულარობა განუზომელია..
ჰაფეზი არც მხოლოდ ღვთისმოსავი და ღვთის კანონების მცოდნეა, არც სრულად სუფი და მისტიკოსი. მას ნახევრად ინოვაციური გზა - რინდობა აურჩევია, რომელიც მართლაც გასაოცარი მდგომარეობაა.
გოეთემ, "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" ჰაფეზის დივანის გავლენით დაწერა და მისი მეორე ნაწილი, სახელად "ჰაფეზ-ნამე" ("ჰაფეზის წიგნი") ჰაფეზის სადიდებელ ლექსებს მიუძღვნა. პუშკინი, ცნობილი რუსი პოეტი, გოეთეს მსგავსად, ჰაფეზით იყო შთაგონებული და მიუხედავად იმისა, რომ სპარსული არ იცოდა, ჰაფეზის ლექსების გერმანული თარგმანებით და "დასავლურ-აღმოსავლური დივანით" ცდილობდა, ჰაფეზი გაეცნო. თავისი გონიერებისა და პოეტური ალღოს წყალობით, ჰაფეზს გაუგო, მისი იდეები შეითვისა. ეს ზუსტად ის გზა იყო, რომელსაც ადრე გოეთე დასდგომოდა. პუშკინის მიჯაჭვულობა ჰაფეზისადმი ისეთია, რომ საკუთარ ნააზრევებს ჰაფეზს უკავშირებს და თავის შეხედულებებს "ჰაფეზისეულს" უწოდებს.
ჰაფეზი 1390 წელს შირაზში გარდაიცვალა. ყოველწლიურად, 12 ოქტომბერს, ირანში ჰაფეზის დღე აღინიშნება. .
სახელი | ჰაფეზი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: